რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული შვიდი დრონი ჩამოაგდეს
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული შვიდი დრონი ჩამოაგდეს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული შვიდი დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოკოვის მერი სერგეი სობიანინი ავრცელებს. მისი თქმით, სულ ჩამოგდებულია შვიდი დრონი. უპილოტო აპარატების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.

დრონების შეტევა იყო ასევე ნიჟეგოროდზე, ოლქის სამრეწველო ზონაზე, მათ შორის არზამის რაიონზე. ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, რომელ ქარხნებზე განხორციელდა შეტევა.

თუმცა უკრაინული მედიისა და რუსული ტელეგრამარხების ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია არზამის რაიონში მდებარე პლადინის სახელობის ქარხანაზე, რომელიც საავიაციო და კოსმოსურ სფეროში საჭირო აღჭურვილობას აწარმოებს. კიდევ ერთი სამიზნე, შესაძლოა, ყოფილიყო ძერჟინსკის სამრეწველო ზონაში მდებარე სამხედრო საწარმოები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 აგვისტოს დილის მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე განადგურებულია 32 უკრაინული დრონი, მათ შორის შვიდი ბელგოროდის ოლქში, ხუთი – ბრიანსკის ოლქში, ხუთი – კალუგის ოლქში, ოთხი უპილოტო აპარატი ჩამოგდებულია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ორ-ორი დრონი განადგურებულია ორლოვის, კურსკის, ვორონეჟის, რიაზანის ოლქებში და ერთი – ტულის ოლქში.