რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს

19:41, 24.06.2026

რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რუსული მედია ეყრდნობა რუსეთის სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა და გადასახადების კომიტეტის გადაწყვეტილებას, სადაც მხარი დაუჭირეს საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ წარდგენილ ცვლილებებს.

ეს ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ბიუჯეტიდან სუბსიდიების გამოყოფას ნავთობკომპანიებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ყიდულობენ ბენზინს.

გამოცემის ინფორმაციით, იმპორტირებული ბენზინისთვის, რომელსაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ აწარმოებენ, სუბსიდიების ოდენობა განისაზღვრება ინდოეთის ბაზარზე ბენზინის ფასისა და მისი ინდოეთის პორტებიდან ტრანსპორტირების ხარჯების საფუძველზე.

ცნობისთვის, ინდოეთი, ჩინეთთან და თურქეთთან ერთად, არის რუსეთის ნავთობის უმსხვილესი მყიდველი. აღნიშნულ სამ ქვეყანაზე რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 98 პროცენტი მოდის.

მსგავსი