რუსული მედიის ცნობით, რუსეთის გენერალური პროკურატურა „როსკომნადზორისგან“ ტელეკომპანია „დოჟდისა“ და რადიო „ეხო მასკვის“ შეზღუდვას ითხოვს
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის გენერალური პროკურატურა „როსკომნადზორისგან“ ტელეკომპანია „დოჟდისა“ და რადიო „ეხო მასკვის“ შეზღუდვას ითხოვს

რუსეთის გენერალური პროკურატურა „როსკომნადზორისგან“ ტელეკომპანია „დოჟდისა“ და რადიო „ეხო მასკვის“ შეზღუდვას ითხოვს.

შესაბამის ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ტასს“ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ შესაბამისი მოთხოვნით კავშირის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების მარეგულირებელ ფედერალურ სამსახურს მიმართეს.

როგორც მედია წერს, გენერალურ პროკურატურაში „დოჟდისა“ და „ეხო მასკვის“ შეზღუდვის საჭიროებას „ექსტრემისტული საქმიანობისა და ძალადობისკენ“ მოწოდებებით, ასევე „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დასაცავად მიმდინარე სპეციალური ოპერაციის ფარგლებში რუსი სამხედროების მოქმედებების მიმართ ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებით ხსნიან.

გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ზემოთხსენებული ორი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს მოწოდებებს ექსტრემიზმისკენ, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობისკენ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და რუსეთის მოქალაქეების მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობისკენ, რაც არის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა.

ამასთან, „ეხო მასკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი აცხადებს, რომ რადიოსადგურის ეთერი უკვე გათიშულია.