რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავმა ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან პირველი ფრენა განახორციელა
რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავმა ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან პირველი ფრენა განახორციელა

აშშ-ის საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავმა RC-135V-მ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან პირველი ფრენა განახორციელა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია საავიაციო რესურსების მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, ამერიკულმა თვითმფრინავმა, რომელიც ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის კრასნოდარის ოლქის სანაპიროსთან მრავალსაათიან სადაზვერვო ფრენას ახორციელებდა, აფხაზეთის სანაპიროს ორჯერ ჩაუფრინა. თვითმფრინავი აფხაზეთის სიახლოვეს სულ 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ამ ხნის განმავლობაში შავი ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე მიფრინავდა.

რუსული მედიის ცნობით, სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მდებარე საჰაერო ბაზიდან აფრინდა და კრასნოდარის ოლქის სანაპიროს გასწვრივ, ასევე ქერჩის სრუტის გავლით ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროს გასწვრივ ოთხ საათზე მეტ ხანს დაფრინავდა.

ამ ტიპის ამერიკულმა თვითმფრინავმა შავ ზღვაში რუსეთის სანაპიროსთან სადაზვერვო ფრენა ბოლოს 11 ოქტომბერს განახორციელა.