რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს
რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

„ახლა კრემლში სხვადასხვა სცენარს განიხილავენ, როდის როგორ გააკეთებს რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი განცხადებას ამის შესახებ“, – წერს „რბკ“.

საინფორმაციო პორტალის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადს სავარაუდოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც ფედერაციის საბჭო საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს.

მეორე ვერსიით, ეს შესაძლოა, პარტია „ედინნაია რასიას“ დეკემბერში დაგეგმილ ყრილობაზეც მოხდეს.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება. მასში მონაწილეობის შესახებ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა როგორც „რბკ.რუ“  ფედერალურ ჩინოვნიკზე დაყრდნობით იტყობინება, პუტინი „ჩამოყალიბდა და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფლებამ სტალინის შემდეგ რუსეთის ლიდერთა თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობა გამოთვალა.

აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით, პირველ ადგილზე ვლადიმერ პუტინია, რომელიც სამი ვადით პრეზიდენტის და ერთი ვადით პრემიერის პოსტს იკავებს 1999წ. 16 აგვისტოდან – 2018 წლის მაისამდე. კვლევის მიხედვით მთლიანობაში – 6603 დღე.

მას მხოლოდ ორი დღით ჩამორჩება ლეონიდ ბრეჟნევი, რომელიც სსრკ ხელისუფლებაში 1964 – 1982 წწ იყო, რაც ზუსტად 6601 დღე გამოდის – აღნიშნულია კვლევაში.