რუსული მედია სერგეი ვოლინსკის ინტერვიუს ავრცელებს, სადაც ის „აზოვსტალში“ გატარებული ბოლო დღეების შესახებ საუბრობს
რუსული მედია სერგეი ვოლინსკის ინტერვიუს ავრცელებს, სადაც ის „აზოვსტალში“ გატარებული ბოლო დღეების შესახებ საუბრობს

რუსული მედია რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ქვედანაყოფის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, სერგეი ვოლინსკის (ვოლინა) სატელევიზიო ინტერვიუს ავრცელებს, სადაც ის აზოვსტალში“ გატარებული ბოლო დღეების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები და ეროვნული ბატალიონის წევრები საბრძოლო მასალების, წყლისა და მედიკამენტების გარეშე, ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

„საბრძოლო მასალები თავდებოდა, იყო სირთულეები წყალთან და სურსათთან, ასევე ტექნიკასთან დაკავშირებით. სამხედროების მორალური მდგომარეობა იყო ცუდი, მრავალი დაჭრილითა და გარდაცვლილით. რუსეთის ფედერაციას უპირატესობა ჰქონდა ავიაციის, არტილერიის, ჯავშანტექნიკის, ტანკებისა და ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. ჩვენ სრულად ვიყავით გარშემორტყმული და ეს იყო პრობლემა“, – განაცხადა ვოლინამ.

ვოლინა იხსენებს, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიამდე მისაღწევად, მათ ტექნიკას Z სიმბოლო დააწერეს, რათა შეცდომაში შეეყვანათ მოწინააღმდეგე და დაბრკოლებების გარეშე მიეღწიათ მარიუპოლიდან ქარხანამდე.

​„ჩემთან ერთად 200-მდე ბიჭი იყო, ძირითადად საზღვაო ქვეითები, რომელთან ერთადაც ვმსახურობდი. მოვემზადეთ, დავიტანეთ ამომცნობი ნიშანი Z ტექნიკაზე და „აზოვსტალის“ მიმართულებით გავემართეთ“, – აცხადებს ვოლინა.