რუსული მედია - სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს
რუსული მედია - სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს

სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ იქნება, –  ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია RTVI რუსეთის საგარეო უწყებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ლავროვი უკვე რამდენიმე წელია გადადგომის შესახებ საუბრობს, თუმცა ვლადიმერ პუტინის თხოვნით, თანამდებობაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩა.

მანამდე, 19 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღნიშნულთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა ლავროვი თანამდებობაზე.

„ეს რომ ჩემზე იყოს დამოკიდებული… თუმცა ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. არსებობს პრეზიდენტი, არსებობს შესაბამისი პროცედურები. მე არ შემიძლია ამ კითხვას პასუხი გავცე“, – განაცხადა ზახაროვამ.

RTVI-ს ცნობით, ლავროვის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო.