რუსული მედია - საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
რუსული მედია - საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „არ-ბე-კა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზოგადად რუსეთის მიერ სხვა ქვეყნებისთვის გაცემული კრედიტების რაოდენობა გასაიდუმლოებულია, თუმცა სააგენტოს ჟურნალისტებმა შეძლეს ინფორმაციის მიღება და აღმოჩნდა, რომ სულ მცირე 17 სახელმწიფოს რუსეთის 27 მილიარდი დოლარი მართებს.

„რუსეთის სახელმწიფო კრედიტების გაუმჭვირვალობა იმით აიხსნება, რომ სესხების დიდი ნაწილი კომერციულ ან პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მეორე მიზეზი ისაა, რომ სესხები ძირითადად სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გაიცემა. მაგალითად, მოსკოვმა კრედიტი მისცა სომხეთს, ვენესუელას, ინდოეთს, ინდონეზიას და ყველა ამ შემთხვევაში, კრედიტი მოსკოვმა რუსული შეიარაღების შესაძენად გასცა“, – წერს „არ-ბე-კა“.

სააგენტოს მიერ შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთისგან ყველაზე მეტი კრედიტი ბელარუსმა მიიღო და ეს თანხა 2018 წლის ბოლოს 7,52 მილიარდ დოლარს აღწევდა.

რუსეთის 3,7 მილიარდი დოლარი მართებს უკრაინას. მართალია, კიევმა 2015 წელს დეფოლტი გამოაცხადა და მოსკოვის მიმართ დაგროვილი 3 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობით ვალის გადახდაზე უარი თქვა, თუმცა, კრემლში მაინც მიაჩნიათ, რომ კიევს კრედიტი დასაფარი აქვს. საუბარია 2013 წელს რუსეთის მიერ შეძენილ ევრო ობლიგაციებზე. ამ საკითხზე რუსეთსა და უკრაინას შორის დავა ინგლისის სასამართლოში გრძელდება.

უკრაინაში აცხადებენ, რომ მოსკოვის მიმართ მისი დავალიანება მხოლოდ 610 მილიონი დოლარია, რაც ქვეყანამ 1990-იან წლებში რუსული გაზის გადაუხდელ საფასურს წარმოადგენს. 1997 წელს მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, რომ ეს ვალი დაიფარება ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განლაგებისთვის გადახდილი იჯარის თანხით.

„არ-ბე-კას“ ცნობით, ბელარუსის, უკრაინის, სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვას მოსკოვის მიმართ საერთო დავალიანება 15,8 მილიარდი დოლარს შეადგენს.

სააგენტოს ცნობით, სომხეთს რუსეთის 300 მილიონი მართებს, ხოლო მოლდოვასაც და საქართველოსაც მოსკოვის 40 მილიონი დოლარის ოდენობით ვალი აქვთ.

რუსეთისგან მსხვილი კრედიტი მიღებული აქვს ასევე ვენესუელას და მისი დავალიანება 3,5 მილიარდს აღწევს, კუბას მოსკოვის 3,2 მილიარდი მართებს, ბანგლადეშს – 2 მილიარდი, კვიპროსს 1,8 მილიარდი, ინდოეთს 1,1 მილიარდი, იემენს – 1 მილიარდი, ერაყს 700 მილიონი, ვიეტნამს 600 მილიონი, ინდონეზიას 300 მილიონი და პაკისტანს 90 მილიონი დოლარი.

რუსეთის მიმართ 700 მილიონი დოლარის ოდენობით დავალიანება აქვს სერბეთს, ხოლო 30 მილიონის სესხი მიღებული აქვს უნგრეთს.