რუსული მედია - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემმა შავ ზღვაში ბრიტანული სამხედრო ხომალდის, „დეფენდერის“ მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა
რუსული მედია - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემმა შავ ზღვაში ბრიტანული სამხედრო ხომალდის, „დეფენდერის“ მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემმა შავ ზღვაში ბრიტანული სამხედრო ხომალდის, „დეფენდერის“ მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივი დროით 11:52 საათზე ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი გადალახა და ფიოლენტის კონცხთან ტერიტორიულ წყლებში სამი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ ფიოლენტის კონცხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.

გავრცელებული ცნობით, ბრიტანული ხომალდი იარაღის გამოყენების შესახებ გააფრთხილეს, მაგრამ სამხედრო ხომალდის ეკიპაჟს რეაგირება არ მოუხდენია.

რუსული მედიის მიხედვით, ადგილობრივი დროით 12:06 და 12:08 საათზე სასაზღვრო საპატრულო გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. კიდევ ცხრა წუთის შემდეგ, რუსულმა „სუ 24ემ“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა გამაფრთხილებელი დაბომბვა განახორციელა და ბრიტანული ხომალის მოძრაობის მიმართულებით ოთხი ბომბი ჩამოაგდო.

რუსული მედია წერს, რომ 12:23 საათზე ბრიტანულმა სამხედრო ხომალდმა ინციდენტის ადგილი დატოვა.

დატოვე კომენტარი