რუსული მედია - რუსეთის საჰაერო ძალების „ტუ 160“-ის ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს ნორვეგიის „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლები აედევნენ
რუსული მედია - რუსეთის საჰაერო ძალების „ტუ 160“-ის ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს ნორვეგიის „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლები აედევნენ

რუსეთის საჰაერო ძალების „ტუ 160“-ის ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს ნორვეგიის „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლები აედევნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ორი სამხედრო თვითმფრინავი ბარენცისა და ნორვეგიის ზღვების თავზე ნეიტრალურ ზონაში გეგმურ ფრენას ახორციელებდა, რომელსაც თან ახლდნენ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო საჰაერო ძალების „მიგ 31“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რვა საათიანი ფრენის დროს, ერთ-ერთ მონაკვეთზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები ნორვეგიის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა გააცილეს.

ნორვეგიის ზღვის თავზე ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი გამოჩენის შესახებ განცხადება გაკეთდა ნორვეგიის საჰაერო ძალებში. მათი განმარტებით, ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიოდა „სუ-24“-ის სადაზვერვო თვითმფრინავი და „ა-50“-ის ტიპის მართვის და კონტროლის თვითმფრინავი.

ნორვეგიის სამხედრო საჰაერო ძალებში ამბობენ, რომ „ეფ 16“-ს ტიპის თვითმფრინავებთან ერთად ფრენის ზონაში ასევე იმყოფებოდა „ფი-3 ორიონი“, რომელმაც რუსული „ა-50“-ის იდენტიფიცირება მოახდინა. ნორვეგიის სამხედრო ძალების განცხადებით, საზღვრების სიახლოვეს უცხოურ აქტივობას მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან.