რუსული მედია - „ეფესბეს“ ცნობით, გელენჯიკის მახლობლად არასაფრენი ზონა ნატო-ს სახელმწიფოების სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურების გამო გამოცხადდა
რუსული მედია - „ეფესბეს“ ცნობით, გელენჯიკის მახლობლად არასაფრენი ზონა ნატო-ს სახელმწიფოების სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურების გამო გამოცხადდა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გელენჯიკში მდებარე სასახლის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების მიზეზად, „მეზობელი ქვეყნების მხრიდან სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურება“ დაასახელა. ამის შესახებ რუსული ინტერნეტ გამოცემა „მედუზა“ იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს გელენჯიკის მახლობლად, იდოკოპსის კონცხზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შესახებ კითხვით რუსულმა მედიასაშუალება „არ-ბე-კამ“ მიმართა.

საპასუხოდ „ეფესბეში“ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება „მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ნატო-ში შემავალი სახელმწიფოების მხრიდან სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურების გამო მიიღეს“.

„ეფესბეს“ განმარტებით, იდოკოპასის კონცხის თავზე არასაფრენი ზონა 2020 წლის 24 ივლისიდან გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ამტკიცებს, რომ გელენჯიკის მახლობლად მდებარე „სასახლე“ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ეკუთვნის.

გამოძიების მიხედვით, აღნიშნული ობიექტის მშენებლობა რუსმა ოლიგარქებმა და ბიზნესმენებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მითვისებული თანხებით დააფინანსეს. საგამოძიებო ფილმი ინტერნეტში 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.