რუსული მედია - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ციმბირში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა
რუსული მედია - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ციმბირში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა

ციმბირში გავრცელებულ მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ რუსული მედია კრემლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილი ხდება, სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივით შედგა, რა დროსაც თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა.

თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში დონალდ ტრამპის დახმარებას მიიღებს.

ციმბირში მასშტაბურმა ხანძარმა უკვე 7,6 მილიონი ჰექტარი მიწის ფართობი გადაწვა. „გრინფისმა“ სტიქია ეკოლოგიურ კატასტროფად შეაფასა. სტიქიასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მონღოლეთის მოსაზღვრე ირკუტსკის ოლქში, კრასნოიარსკის მხარეში, ბურიატიის ორ რაიონში და იაკუტიის ერთ-ერთ რაიონში. ციმბირის ყველა დიდი ქალაქი კვამლითაა დაფარული.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ოპერაციაში სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.