რუსული მედია - ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე შესაძლოა, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე პროგრესი იყოს მიღწეული
რუსული მედია - ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე შესაძლოა, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე პროგრესი იყოს მიღწეული

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე შესაძლოა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით პროგრესი იყოს მიღწეული, – ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.

გამოცემის ცნობით, საქართველო, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო მთავრობები, რუსეთი, აშშ, ასევე კონსულტაციების თანათავმჯდომარეები – ევროკავშირი, გაერო და ეუთო ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ამზადებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დოკუმენტის ხელმოწერა პოლიტიკურ და ემოციურ დონეზე შესამჩნევი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორც „კომერსანტთან” საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პროგრესს ჟენევაში 2017 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

„ვიმედოვნებთ, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადება მიღებული იქნება დაგეგმილ მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა კარასინმა.

დიპლომატის განმარტებით, დეკლარაცია ნეიტრალური იქნება, რაც ნიშნავს, რომ მასში არ იქნება საუბარი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ.

„ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უბრალოდ განაცხადებენ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობებში ძალის გამოყენებაზე უარს ამბობენ. ამგვარ დეკლარაციას იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ ექნება, თუმცა ეს მაინც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი პოლიტიკურ და ემოციურ დონეზე. მხარეები აჩვენებენ რეგიონში საკითხების მშვიდობიანი გზით, კონტაქტებისა და მოლაპარაკებების საშუალებით გადაწყვეტის განზრახვას“, – განაცხადა კარასინმა.

„კომერსანტის“ მონაცემებით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ერთობლივი განცხადების პროექტზე, თუმცა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, ვიდრე ტექსტი საბოლოოდ არ იქნება შეთანხმებული.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება.