რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 1 000 დაქირავებული მებრძოლი მალიში ჩავა
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 1 000 დაქირავებული მებრძოლი მალიში ჩავა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 1 000 დაქირავებული მებრძოლი მალიში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებსა და რუსულ ორგანიზაციას შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში ჩავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Times დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, მალელი სამხედროები, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებას აკონტროლებენ, თვეში 10,8 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდიან რუსი დაქირავებულების დახმარების სანაცვლოდ.

როგორც ცნობილია, რუსი დაქირავებულების ფუნქცია ჯარის გაწვრთნა-მომზადება და არსებული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების დაცვა იქნება.

მალის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივი საზოგადოება რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების მომხრეა, მაგრამ აქვე იგი კონკრეტული შეთანხმებების არსებობას არ ადასტურებს.

დასავლეთ აფრიკულ სახელმწიფო მალიში გასულ წელს სამხედრო გადატრიალება მოხდა და ქვეყანას შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.