რუსული დრონები შავ ზღვაში გერმანული კომპანიის სატვირთო გემს თავს დაესხნენ
რუსული დრონები შავ ზღვაში გერმანული კომპანიის სატვირთო გემს, EMIL-ს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სატვირთო გემს დრონები რამდენჯერმე დაესხნენ თავს, შემდეგ ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ტექნიკური სისტემა გაფუჭდა, რის გამოც გემს მანევრირება აღარ შეეძლო.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ეკიპაჟის წევრების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისას სატვირთო გემს კვლავ თავს დაესხნენ. ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან არცერთი არ იყო გერმანიის მოქალაქე. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თავდასხმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესიდან დაახლოებით 21 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა. გემი ამჟამად ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავს. ის გერმანული გადაზიდვების კომპანიას, Johann M. K. Blumenthal GmbH & Co. KG-ს ეკუთვნის, რომლის სათავო ოფისიც ჰამბურგ-ალტონაში მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმები დაადასტურა. უწყების ცნობით, მოიერიშე დრონებმა გუშინ ღამით შავ ზღვაში, ოდესის სამხრეთით და აღმოსავლეთით ორი სატვირთო გემი დაბომბეს, რომლებსაც, რუსული მხარის მტკიცებით, სამხედრო ტვირთები გადაჰქონდათ.