რუსუდან მანჯგალაძე - პირველ არხს არ აქვს უფლება, რომ მხოლოდ დროის ამოსავსებად გაკეთებულ, დაბალი ხარისხის ტელეპროდუქტში გადაყაროს თანხა
რუსუდან მანჯგალაძე - პირველ არხს არ აქვს უფლება, რომ მხოლოდ დროის ამოსავსებად გაკეთებულ, დაბალი ხარისხის ტელეპროდუქტში გადაყაროს თანხა

საზოგადოებრივ მაუწყებელს აქამდე მუდმივი მაყურებელი არ ჰყოლია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელმა, რუსუდან მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების განმავლობაში იყო იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში უნდა ყოფილიყო და მისთვის არავის არ უნდა ეყურებინა. თუ ერთ-ორ ცალკეულ რაღაცას გაიხსენებენ, თორემ მაყურებელი ვერც გაიხსენებს, რას უყურებდნენ. მუდმივი მაყურებელი ამ არხს არ ჰყოლია. შარშანდელი სეზონიდან ნელ-ნელა მაყურებელმა თავის პულტზე დაიწყო აღმოჩენა, რომ თურმე, არსებობს ასეთი არხი, გადმორთო, გადმორთო და დარჩა“, – განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს ამბობს იმ დაბალი ხარისხის სერიალებზე, რომელსაც სხვა ტელევიზიები მაყურებელს სთავაზობენ.

„სატელევიზიო არჩევანი, რომელიც დღეს არის, ვფიქრობ, არასდროს ყოფილა, მაგრამ სურათი ძალიან მძიმეა. ის, რაც სხვა ტელევიზიებისგან რადიკალურად განგვასხვავებს და რაზეც პრეტენზია გვაქვს, ეს არის ხარისხი. ჩვენ უარს ვამბობთ იმ დაბალი ხარისხის სერიალებზე, რომელსაც სხვა ტელევიზიები სთავაზობენ მაყურებელს. ხშირად რომ ამბობენ, ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებითო, თუ ვფინანსდებით, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ მხოლოდ დროის ამოსავსებად გაკეთებულ პროდუქტში გადავყაროთ ეს თანხა.

ჩვენ ეთერში არის „ბიბისის“ ის სერიალები, რომლებსაც მთელი მსოფლიო უყურებს; არის „არტეს“ სერიალები, რომლებსაც მთელი მსოფლიო უყურებს და რომელიც ასე აქტუალურია“, – განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.