რუსუდან მანჯგალაძე - დასანანია, რომ მაუწყებლის დაფინანსებაზე პარლამენტში არავის გაუჩნდა შეწინააღმდეგების სურვილი, სლოგანი გვქონდა - ის, რაც გვაერთიანებს, მაგრამ არ გვიფიქრია, მაუწყებლის წინააღმდეგ თუ „გაერთიანდებოდნენ“
რუსუდან მანჯგალაძე - დასანანია, რომ მაუწყებლის დაფინანსებაზე პარლამენტში არავის გაუჩნდა შეწინააღმდეგების სურვილი, სლოგანი გვქონდა - ის, რაც გვაერთიანებს, მაგრამ არ გვიფიქრია, მაუწყებლის წინააღმდეგ თუ „გაერთიანდებოდნენ“

დღეს საფრთხე ემუქრება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას, ვინც ამას იაზრებს და, ვფიქრობ, ასეთი მოაზროვნე ადამიანები ცოტანი არ არიან, უნდა გავერთიანდეთ, რათა ამის უფლება არ მივცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის მედიის დირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მისივე თქმით, დასანანია, რომ მაუწყებლის დაფინანსების საკითხზე პარლამენტში არავის გაუჩნდა შეწინააღმდეგების სურვილი.

„დღეს სახეზეა საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი რადიოთი, ვებპლატფორმით, რომელსაც ჰყავს მაყურებელი, მაგრამ ვნახოთ განსხვავება. წლების წინ, ფურცელზე ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ სწორედ ის მოდელი გახლდათ, რომელსაც ახლა გვთავაზობენ. ანუ, რეალურად, იყო სახელმწიფო ტელევიზია, სადაც მოდიოდა ე.წ. ვიორსტკა, რომლის მიხედვითაც კეთდებოდა საინფორმაციო გამოშვებები, კოტე ჯანდიერის ჯგუფი მოდერნისტებზე რომ აკეთებს, ფილმის ნაცვლად კეთდებოდა ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ და შემდეგ გადიოდა არხებზე. მეტიც, ჩემპიონთა ლიგას ყიდულობდა მაუწყებელი, მაგრამ საუკეთესო თამაშები სხვა არხებზე გადიოდა. ანუ სხვა ფუნქციას ასრულებდა, თუმცა ერქვა საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მაუწყებელმა ფუნქციონირება დაიწყო სულ რაღაც რამდენიმე წელია და მართლა პატარა ბავშვივით არის. იმის ნაცვლად, ხელი შევუწყოთ – და, მით უმეტეს, თუ ევროპისკენ მივისწრაფვით და ევროპულ ოჯახში გვინდა, ვიცით, რომ ევროპის განუყოფელი ნაწილია საზოგადოებრივი მაუწყებელი – საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, პარლამენტმა და ა.შ. ბარიერები კი არ უნდა შევუქმნათ, მოდი, ახლა ეს დავასუსტოთ, პირიქით, ყველას ინტერესშია, რომ იყოს ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებელი, მრავალფეროვანი, ყველას ინტერესის დამაკმაყოფილებელი და მრავალმხრივ საინტერესო.

ხვალ 16 ნოემბერია და საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თამაშობს. ჩვენმა მაყურებელმა ალბათ დაახლოებითაც ალბათ არ იცის, რა ხარჯებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ეჭვი მაქვს  – არც დეპუტატებმა. პარლამენტში ორი ფედერაციის პრეზიდენტია, თუ არ ვცდები, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელიც. ვფიქრობ, ყველა ანგარიში გამოქვეყნებულია და ამიტომ დასამალი არ არის. ე.წ. მოძრავი სატელევიზიო სადგური შესაბამისი უეფა-ს, ფიფა-ს და ფიბა-ს სტანდარტებით არ აქვს ქვეყანას და ეს მილიონობით ევრო ღირს. ყოველ ჯერზე, ყოველი თამაშისთვის ჩვენ გვჭირდება თურქეთიდან მოძრავი სატელევიზიო სადგურის ჩამოყვანა, რომელიც ახლა „დინამოს“ სტადიონზე დგას. ჩამოყვანა მარტო 80 ათას ლარამდე გვიჯდება, 70 ათას ლარზე მეტი. არაფერს ვამბობ სიგნალებზე. მოდის ოლიმპიადა. მაგალითად, ბიუჯეტში რომ გვიწერია ტატამების ფული, იმიტომ, რომ შენ ტატამი შეუკვეთო, ცალკე 120 ათასი ბიუჯეტში გვიზის. არ ვამბობ, რამდენი მილიონი გვჭირდება. სპორტს მაინც ხომ უყურებს ხალხი, სხვას თუ არაფერს.

აუცილებლად უნდა ვუპასუხო დეპუტატ კირკიტაძის განცხადებას, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ბიუჯეტი ძალიან ბევრია, კრიტიკას ვერ უძლებს კონტენტი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე არისო. კრიტიკას ბევრი რამ ვერ უძლებს. ჩემთვის შეიძლება, კირკიტაძისა და სხვა დეპუტატების პოლიტიკოსობა და დეპუტატობაც ვერ უძლებდეს კრიტიკას, მაგრამ ჩემი ჯიბიდან ისინიც ფინანსდებიან. ამიტომ, ეს რომ გითხრათ, ძალიან სადარდებელია, შეიძლება – არა, რადგან ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ. ვიღაცას შეიძლება, მოსწონდეს დოკუმენტური ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, მაგრამ ჩვენ მოგვწონდეს მოდერნისტებზე, ან ქართული დიპლომატიის ისტორიაზე, ან ზაირა არსენიშვილზე გაკეთებული დოკუმენტური ფილმი, მაგრამ ვიღაცას, კრებით კირკიტაძეებს, შეიძლება, საერთოდ არ სმენიათ, ასეთი მწერალი რომ არსებობს. ეს დანაშაული კი არ არის.

მაგალითად, „აკუსტიკა“, რომელმაც თანამედროვე მუსიკაში გადატრიალება მოახდინა და კვირაში მარტო ხუთი მუსიკალური კლიპი გვაქვს წლების მანძილზე, ეს მისი პრობლემაა, თუ არ მოსწონს. ან ამ სტუდიაში იწერება „რანინა“. თუ არ მოსწონს ასეთი მუსიკა, ჩვენ იმას ვერაფერს შევაცვლებინებთ. გიორგი ებრალიძეა აქ, რომელიც ქეთი სადღობელაშვილთან ერთად აკა მორჩილაძეს აკეთებს. ვიღაცას ეს არ მოსწონს, არ არის პრობლემა, მისი არჩევანია, მაგრამ ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ კონტენტის შეცვლას, გადასხვაფერებას, რადგან დღეს ჩვენ ვართ მენეჯმენტი და მიგვაჩნია, რომ ახლა ვაკეთებთ ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვან საზოგადოებრივ მაუწყებელს.

რაც შეეხება საჭიროებებს, ჩვენ ძალიან ბევრ გარეწარმოების კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და ვმუშაობთ. მარტო 1 100 კაცი, რომელიც ამ შენობაში მუშაობს და პროფესიონალებით არის სავსე, მარტო ეს კი არ არის, ძალიან ბევრი ადამიანია გარშემო დასაქმებული, ძალინ ბევრს მივეცით შანსი, ტელე თუ კინოინდუსტრიაში თავისი პირველი ნაბიჯები გადაედგა, შეექმნა კარგი მასალა, ფილმები და ა.შ. ერთია, რას ამბობს ერთი დეპუტატი, მაგრამ მეორეა, რომ ძალიან დასანანია ის დუმილი, რომ საპარალმენტო დარბაზში არავის გაუჩნდა შეწინააღმდეგების სურვილი. ჩვენ სლოგანი გვქონდა – ის, რაც გვაერთიანებს, მაგრამ არ გვიფიქრია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ყველანი ასე „გაერთიანებოდნენ“.

შეურაცხმყოფელია, როდესაც შენს შესახებ იღებენ კანონებს ისე, რომ არც გეკითხებიან. შემთხვევით გავიგეთ, რომ ჩვენ შესახებ თურმე კანონი გადის. არავინ არაფერი რომ არ იცის. გვკითხე, იქნებ ისე მოგიწონო, რომ სულ ტაშის კვრით გადიხარ. ან გითხრა, ასე კი არა, ისე ჯობია. როდისმე ყოფილა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არ ვყოფილვართ მზად? შენს ბედს ისე წყვეტენ, ამას მიგაერთებთ, ამას ვიზამთო, რომ საერთოდ ვითომ არ არსებობს. ეს არის, როცა არ იცი, წესით, უნდა იკითხო“, – აღნიშნა რუსუდან მანჯგალაძემ.