რუსუდან გოცირიძე - შესაძლოა, ევროპულ ქვეყნებში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადია, მაგრამ ანგარიშგასაწევია ჩვენს ქვეყანაში რელიგიასთან მიმართებით საზოგადოების დამოკიდებულება
რუსუდან გოცირიძე - შესაძლოა, ევროპულ ქვეყნებში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადია, მაგრამ ანგარიშგასაწევია ჩვენს ქვეყანაში რელიგიასთან მიმართებით საზოგადოების დამოკიდებულება

შესაძლოა, ევროპულ ქვეყნებში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადია, მაგრამ ამ შემთხვევაში ანგარიშგასაწევია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა, მოტივები, განწყობები და რელიგიასთან მიმართებით საზოგადოების დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ასევე დასჯადია მაგალითად, სიძულვილის ენის გამოხატვა, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ, ძალიან მართებულად, სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია არ მოახდინა იმ მთავარი მიზეზის გამო, რის გამოც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონს“ვეწინააღმდეგები. მსგავსი კანონები ჩვენს საზოგადოებაში, დემოკრატიის ასეთ მოწყვლად სიტუაციაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ინსტრუმენტი იქნება“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამ განცხადებით რუსუდან გოცირიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მაშინ, როცა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადია გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, დანიაში, ჰოლანდიასა და ფინეთში, როგორ უნდა დავძლიოთ საქართველოში პრობლემა, როცა მორწმუნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი უფლებები ირღვევა, ვინაიდან ცალკეული გამონათქვამები და ქმედებები მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.

გოცირიძის თქმით, ამ სახელმწიფოებში სხვადასხვაგვარი ბერკეტები არსებობს და უმთავრესი, საზოგადოების მზაობაა, რომ ერთი მხრივ, შეურაცხყოფას გასცეს ჯეროვანი პასუხი და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების საკითხი დაბალანსებული იყოს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის პოზიცია, რუსუდან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ის არა მხოლოდ საკუთარ და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის პოზიციას, არამედ რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებების თითქმის, აბსოლუტური უმრავლესობის განწყობასაც გამოხატავს, რადგან მათ ამ საკითხზე საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ.  აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.  ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

დატოვე კომენტარი