რუსუდან ფხაკაძე - უნდა გაძლიერდეს შემეცნებითი მხარე, თუ რატომ არის ოჯახში ძალადობა მიუღებელი
რუსუდან ფხაკაძე - უნდა გაძლიერდეს შემეცნებითი მხარე, თუ რატომ არის ოჯახში ძალადობა მიუღებელი

უნდა გაძლიერდეს შემეცნებითი მხარე, თუ რატომ არის ძალადობა მიუღებელი, დაუშვებელი, სასტიკი და თაობიდან თაობაზე გადამდები, – ამის შესახებ ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან ფხაკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მოძალადეებს ყურადღება უნდა მიექცეთ. ამ შემთხვევაში, მხოლოდ დასჯადი მხარეა გაძლიერებული. უნდა გაძლიერდეს შემეცნებითი მხარე, თუ რატომ არის ძალადობა მიუღებელი, დაუშვებელი, სასტიკი და თაობიდან თაობაზე გადამცემი. ხშირ შემთხვევაში, ეს საერთოდ არ ესმით, არ იციან და ამ ფაქტებს საერთოდ არსად არ ეხებიან“, – განაცხადა რუსუდან ფხაკაძემ.

მან ასევე უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს და თუნდაც, მიმართვიანობა გაიზარდოს, რადგან ფემიციდის მსხვერპლთა უმეტესობა სიკვდილამდე სისტემატურად განიცდიდა ძალადობას და ეს მის გარშემო მყოფთათვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა. რუსუდან ფხაკაძის თქმით, როდესაც საზოგადოება თვითონ არის ფსიქო-ფიზიკურად გამოფიტული და მისთვის ძალადობის ფორმულა მისაღებია, ძალიან ძნელია, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ვინმე მიხვდეს, რომ ეს მიუღებელია, ხოლო დამოკიდებულების შესაცვლელად აუცილებელია განათლება, სერიოზული პროპაგანდა და მიზანმიმართული კამპანიების წარმოება.

„ჩვენ გვქონდა კვლევა და მხარდამჭერთა გამოკვლევის მიზნით ერთმანეთს შევადარეთ საკონტროლო ჯგუფი და ისინი, ვინც ჩვენ ცენტრში ოჯახში ძალადობის მსხვერპლების გამოკვლევა გაიარა. აღმოჩნდა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ოჯახის წევრები არანაირ თანაგრძნობას და მხარდაჭერას არ უცხადებენ. რაც შეეხება საკონტროლო ჯგუფს, სადაც ძალადობის მსხვერპლები არ იყვნენ, ყველა ამბობდა, მსხვერპლს როგორ არ მივეხმარებით, მხარში აუცილებლად ამოვუდგებითო. ფრიადოსანი შვილი ყველას უყვარს, ოროსანი კი ყველას ესირცხვილება ან რაღაც მითებს იგონებენ, რომ სკოლა არ ვარგა ან მასწავლებელი და ა.შ. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც. თვითონ ადამიანებისთვის არის ეს მიუღებელი, რომ მისი პირმშო, ასე ვთქვათ, წარუმატებელი და დამარცხებულია. ამ პირმშოს პირველ რიგში, ოჯახის წევრებისგან სჭირდება თანადგომა, მაგრამ როგორც წესი, ისინი გვერდით არ უდგებიან. მწარე სინამდვილე ზუსტად ასეთია. ამიტომ, უნდა იყოს ძალიან სერიოზული პროპაგანდა, განათლება და მიზანმიმართული კამპანიები“, – განაცხადა რუსუდან ფხაკაძემ.

მისი თქმით, ტელევიზიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი გადაცემა მაინც უნდა დაეთმოს იმას, თუ როგორ მოხდა მოძალადის დასჯა.

„ეს ძალიან ეფექტიანი იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ შეირყევა დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც მოძალადეებს აქვთ, ხოლო დაცვის, იმედიანობისა და პოლიციისადმი ნდობის გაძლიერების სინდრომი განმტკიცდება. თვალნათელი მაგალითი ამას განაპირობებს“, – განაცხადა რუსუდან ფხაკაძემ.