რუსტემ უმეროვი - უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გაააქტიურეს, საუბარია 1 200 უკრაინელის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებაზე
რუსტემ უმეროვი - უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გაააქტიურეს, საუბარია 1 200 უკრაინელის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებაზე

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გაააქტიურეს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი აცხადებს.

„უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, ამ დღეებში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პარტნიორების შუამდგომლობით, კონსულტაციები გავმართე გაცვლის პროცესის აღდგენასა და რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის გათავისუფლებაზე. ამ მოლაპარაკებების შედეგად მხარეები სტამბოლის შეთანხმებების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. საუბარია 1 200 უკრაინელის გათავისუფლებაზე“, – წერს უმეროვი.

უმეროვმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ტექნიკური კონსულტაციები, სადაც უნდა დაამტკიცონ ყველა პროცედურული და ორგანიზაციული საკითხი.

„ვმუშაობთ გაუჩერებლად, რათა უკრაინელებმა, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ ტყვეობიდან, ახალი წლისა და შობის დღესასწაულები სახლში, ოჯახურ სუფრასთან და ახლობლებთან ერთად გაატარონ“, – აღნიშნა უმეროვმა.