რუსთავში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 80 მეხანძრე-მაშველი და სამაშველო ტექნიკა მუშაობს
რუსთავში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 80 მეხანძრე-მაშველი და სამაშველო ტექნიკა მუშაობს

რუსთავში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქში თბილისიდან დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა,  რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულება.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები რუსთავში რამდენიმე საათია აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების დატბორილ სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დატბორილი ტერიტორიებიდან გაყვანილია წყალში ჩარჩენილი ავტომანქანების ნაწილი.  ამ დროისთვის წყლის დონე იკლებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 80 მეხანძრე-მაშველი და სამაშველო ტექნიკა.

ამასთან, მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ ასევე მარნეულში, სადაც წყლის მოვარდნის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა. წყალი სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებშიც შევიდა. ასევე, ქალაქში შეიზღუდა ელექტრონერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება.