რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რუსთავში ხვალიდან მთლიანად გაჩერდება კერძო სამარშრუტო ტაქსები და მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. ამასთან, ნაწილობრივ შეიზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაცია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მედიის წარმომადგენლებს საგანგებო ბრიფინგზე გააცნეს.

მათივე ინფორმაციით, რუსთავი-თბილისისა და თბილისი-რუსთავის მიმართულებით 11 ხაზიდან მხოლოდ ხუთი იმოძრავებს.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპა-ცენტრების ფუნქციონირება.

რეგიონის მასშტაბით, ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი, გამოუყენებელი საკვები პროდუქტი სოციალურ სასადილოებს, ბავშვთა სახლებსა და უშუალოდ სააღმზრდელო დაწესებულებების ბენეფიციარებს გადაეცემათ.

სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა საკვები პროდუქტების დეფიციტური მოთხოვნის არარსებობის შესახებ, ვინაიდან საზღვრებზე შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელებულა.
მისი თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ობიექტებსა და ყველა აუცილებელ ლოკაციაზე პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურად.

ასევე, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებში, „კოვიდ“-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა მოქალაქეთა მიღება, თანამშრომლები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, თუმცა მოსახლეობა აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღების სერვისით, როგორც ტელეფონით ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.