რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ცხედარი სამეგრელოში, საკუთარ სახლში გადაასვენეს
რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ცხედარი სამეგრელოში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ცხედარი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

გარდაცვლილი გოგონას მამიდის განცხადებით, გოგონას ცხვირის ძგიდის ოპერაცია რუსთავის კლინიკაში გუშინ უნდა ჩატარებოდა, რა დროსაც ანესთეზიის გაკეთების შემდეგ, პაციენტი შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შუაღამისას გოგონას ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა.

რუსთავში მომხდარი ტრაგედიის მიზეზად ოჯახის წევრები ექიმების დაუდევრობას ასახელებენ. მათი განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ობიექტური გამოძიების მიზნით საგამოძიებო უწყებასაც მიმართავენ.

გარდაცვლილი გოგონას მამიდის თქმით, ანესთეზიის გაკეთებამდე სინჯის აღების დროს გოგონას ხელი შეუწითლდა და აღნიშნულ მედიკამენტზე ალერგიული რეაქცია ჰქონდა, რაც ექიმმა და ანესთეზიოლოგმა უგულებელყო და ფატალურმა შედეგმაც არ დააყოვნა.

ექიმის დანაშაულზე საუბრობს გარდაცვლილი გოგონას ბებიაც.

„ოპერაცია არც დაწყებულა. ნარკოზი ზედმეტი დოზით გაკეთდა. სინჯი რომ გაუკეთდა, გაუწითლდა ბავშვს. არაფერი არ უჭირს ბავშვს ამაზე, ჩვეულებრივ გაგრძელდება ოპერაციაო. შეიყვანეს საოპერაციოში. ექიმის უცოდინრობით მოხდა ეს ყველაფერი“, – ამბობს გარდაცვლილის ბებია.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახი პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, აღნიშნული საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ.