რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ფირაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფირაშვილს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე, 126 პრიმა მუხლით, რაც ფსიქიკურ ძალადობას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, უკრძალავდა მას სახლიდან გასვლას, ოჯახის სხვა წევრებთან ტელეფონით კომუნიკაციას, ჩაცმის სტილის არჩევას. ხშირად მას სახლში კეტავდა. 20 მარტს კი მასზე ფიზიკურად იძალადა.

პროკურორის განცხადებთ, 20 წლის მარიამ სოფრომაძეს ბრალდებული ახრჩობდა, რის შემდეგაც ის დედის სახლში დაბრუნდა. მას ბრალდებული შერიგებას და უკან დაბრუნებას სისტემატურად სთხოვდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული სისტემატურად მოიხმარდა მარიხუანას. მკვლელობის იარაღი კი მან პირველ აპრილს შეიძინა და მანქანაში მალავდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე სამედიცინო დაწესებულებაში მეუღლესთან და ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მათ დაშორდა და გზაზე ჩაუსაფრდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატის თქმით ბრალდებული შოკირებულ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ დუმილის უფლებას იყენებს. თავად ადვოკატი კი ალტერნატიული გამოძიების წარმოებას გეგმავს.

ცნობისთვის, 22 მაისს რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ბავშვი ეტლით სამედიცინო დაწესებულებიდან მოჰყავდათ. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს.