რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ცხრა წლის გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა
რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ცხრა წლის გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული ცხრა წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის რეფერალური ჰოსპიტალიდან აცნობეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციაში რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესებულია და გოგონა შედარებით კონტაქტურია. კლინიკაში აცხადებენ, რომ მრავლობითი ჭრილობების გამო, საყურადღებოა პაციენტის მუცლის ღრუს მდგომარეობა.

როგორც ჰოსპიტალში ამბობენ, საჭიროა გოგონაზე დაკვირვება და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა შემდგომი ქირურგიული ჩარევის საკითხი.

რაც შეეხება აფეთქების დროს დაშავებულ მოზარდ ბიჭს, რომელიც იაშვილის საავადმყოფოში იმყოფება, როგორც კლინიკიდან პირველ არხს აცნობეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და გართულებებს ადგილი არ ჰქონია.

რუსთავში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებული პაციენტებიდან ამ დროისთვის რუსთავის კლინიკაში ორი პაციენტი რჩება და ისინი შესაძლოა, დღეს გაწერონ.

რუსთავში, 21 ოქტომბერს ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი მცირეწლოვანია.