რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ცხრა წლის გოგონა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა
რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ცხრა წლის გოგონა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული ცხრა წლის გოგონა თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში მოინახულა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ.

​მისი თქმით, თბილისში გადმოყვანილი ორივე დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისევე, როგორც რუსთავის საავადმყოფოებში მოთავსებული კიდევ რვა დაშავებულის მდგომარეობა.

„ამ წუთებში ორი პაციენტი იმყოფება რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში, ექვსი პაციენტი იმყოფება კლინიკა „რუსთავში“. ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ოთხი პაციენტი უკვე გაეწერა სახლში. ორი პაციენტი გვყავს გადმოყვანილი თბილისში. ერთი, რომელიც იმყოფება თბილისი რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იმ ოპერაციის შემდეგ, რომელიც რუსთავში ჩატარდა, აქ გაგრძელდება დაკვირვება და მკურნალობა. გოგონა არის ცხრა წლის. მას დაზიანება აქვს მუცლის არეში. მეორე პაციენტი გვყავს იაშვილის კლინიკაში, სადაც გვაქვს ქუსლის ტრავმული დაზიანება და ამ წუთებში უწევენ შესაბამის დახმარებას. იქაც მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული ცხრა წლის გოგონა თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. გოგონას კლინიკა „რუსთავში“ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით წამოიყვანეს. ასევე თბილისში, იაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას კიდევ ერთი დაშავებული ბიჭი.

რუსთავის კლინიკებში აფეთქების შედეგად დაშავებული ცხრა ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. აქედან ექვსი კლინიკა რუსთავში, სამი კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი მცირეწლოვანია.