რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკა „რუსთავსა“ და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი
რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკა „რუსთავსა“ და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი

​რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკა „რუსთავსა“ და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

​პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაშავებულთა უმრავლესობა კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული, სადაც მათი მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერ არ კეთდება.

რაც შეეხება ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანილ ორ ადამიანს, ექიმების თქმით, მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნამსხვრევებისგან მიღებული გამჭოლი ჭრილობები აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში აფეთქება დღეს მოხდა.