რუსთავს ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი შეემატა
რუსთავს ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი შეემატა

​რუსთავში ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა.

სრულიად რეაბილიტირებულ სკვერში იმპროვიზირებული წარმოდგენა-კონცერტი გაიმართა. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით კი, კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო.

როგორც რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, სწორედ ქალაქის მოსახლეობის სურვილი იყო, რომ აღნიშნული სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩატარებოდა, შედეგად რუსთავს კიდევ ერთი ულამაზესი რეკრეაციული ზონა შეემატა.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში პროექტის ფარგლებში ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ბილიკები და ტროტუარები მოეწყო, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა, დასასვენებელი სკამები, დაიგო მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი ქსელი და საყვავილეები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.