„რუსთავმა“ ლეგიონერები დაიმატა და შეკრებაზე დაუმარცხებელია #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ მოსამზადებელ ეტაპზე „გაგრას“ შეხვედა და 4:2 დაამარცხა.
„რუსთავი“ შეკრებას ლაგოდეხში ატარებს, მანამდე კი ორი ამხანაგური მატჩი გამართა. გორის „დილა“ 3:2 დაამარცხა, ხოლო „დინამო 2-ს“ 5:1 სძლია.
სეზონის განახლებამდე გუნდში მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებია. „რუსთავმა“ დაიმატა 24 წლის ცენტრალური მცველი გილერმე სილვა, რომელსაც უკრაინის პრემიერლიგის გუნდ „ლვოვსა“ და ბრაზილიის სერია ა-ს „ბაიაში“ უთამაშია, ბოლოს კი აზერბაიჯანულ „იმიშლიში“ გამოდიოდა.
გუნდმა განიდან ჩამოიყვანა ცნობილი საფეხბურთო აკადემიის (Soccer Bridge Academy) ფეხბურთელი, 21 წლის შემტევი პრინც ოსეი, ხოლო 22 წლის თავდამსხმელი ჟან ალმეიდა – ფინური „ატლანტისიდან“.
გუნდში არიან ქართველი ახალწვეულები: 19 წლის მარჯვენა მცველი შოთიკო ანდღულაძე ზუგდიდის „ოდიში 1919-დან“; 21 წლის მცველი ლუკა ჩოხელი საფეხბურთო კლუბ „გორიდან“.
„რუსთავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს ლევან კუტალიამ, ლევან წოწონავამ, დავით სამურკასოვმა, რომან ჩაჩუამ, მამია გავაშელიშვილმა და ვარლამ კილასონიამ.