რუსთავის წყალმომარაგებაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, რუსთავის მერიამ სემეკ-ს წერილით მიმართა
რუსთავის წყალმომარაგებაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, რუსთავის მერიამ სემეკ-ს წერილით მიმართა

რუსთავის წყალმომარაგებაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, რუსთავის მერიამ სემეკ-ს ოფიციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

ლაცაბიძის თქმით, მერიამ კომპანია „რუსთავის წყალს“ რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორებულა და მოსახლეობას სასმელი წყალი დღესაც არ მიეწოდება.

„ბოლო პერიოდში რუსთავში წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ წყლის კომპანიას, რომელიც არის კერძო და ემსახურება ჩვენს ქალაქს. ასევე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მათთან, თუმცა დღესაც მთელი ქალაქი პარალიზებულია და თითქმის არც ერთ უბანს არ მიეწოდება სასმელი წყალი. დღეს უკვე მივმართეთ სემეკ-ს ოფიციალური წერილით და ვთხოვთ მათ, რაც შეიძლება სწრაფად, არსებულ პროცესში თანადგომა. დაუშვებელია, რაც რუსთავში ხდება. მესმის აბსოლუტურად თითოეული რუსთაველის აღშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს. იმედი მაქვს, სემეკი უახლოეს პერიოდში განიხილავს რუსთავის საკითხს წყლის კომპანიასთან მიმართებაში“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

​ამასთან, რუსთავის მერის განცხადებით, შეხვედრებზე მერიამ დააყენა საკითხი, გამოიცვალოს ქალაქში მოძველებული ინფრასტრუქტურა.

„შეხვედრებში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი მხარის გუბერნატორი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ რეალურად გვცოდნოდა, რა იყო გამომწვევი მიზეზები ბოლო პერიოდში ამ სიხშირით წყალმომარაგების შეზღუდვის. მათი მხრიდან გარკვეულ ხარვეზებზე და პრობლემებზე იყო საუბარი, მათ შორის, რომ რუსთავის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იხდის წყლის გადასახადს და შეიძლება, ვერ ხდება ამოღება. ჩვენი მხრიდან დაყენებული იყო საკითხი, რომ უნდა მოხდეს დამატებითი ინვესტიციები, რათა გამოიცვალოს ის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც წყალმომარაგების კუთხით არსებობს. დარწმუნებული ვარ, სემეკ-ის მხრიდან უახლოეს პერიოდში იქნება ამ საკითხებზე უფრო დეტალური მსჯელობა და კომპანიის მხრიდანაც იქნება უფრო კონკრეტული არგუმენტები.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კერძო კომპანია, რა ბერკეტებიც გაგვაჩნია, იმ ბერკეტებს სრულად გამოვიყენებთ, რათა დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი არის სწორედის, რომ მივმართოთ სემეკ-ს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს აღნიშნული კომპანიის ქმედება, დაუსახოს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება, რომ რუსთავში ეს პრობლემა მოგვარდეს.

მე არ ვიცი, სემეკი კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში მოხდება განხილვა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი ის ინფრასტრუქტურული გამოწვევები, რომელიც წყლის კომპანიას აქვს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, მოსახლეობას ეს დისკომფორტი ქალაქში არ ჰქონდეს, განსაკუთრებით ამ ცხელ დღეებში, როცა ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და მთელი ქალაქი ვართ წყლის გარეშე დარჩენილი“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.