რუსთავის სკოლაში 15-მდე მოსწავლე სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა
რუსთავის სკოლაში 15-მდე მოსწავლე სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა

რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 15-მდე მოსწავლე მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, ისინი საკვებით მოიწამლნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მოსწავლეებს დახმარება ადგილზე გაეწიათ და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. ყველა მათგანი შემოწმების შემდეგ სახლში გაუშვეს.

ფაქტს ადასტურებს რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. თამარ ხეჩიკაშვილი აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სურსათის უვნებლობის სამსახური. მირანგულ ლიპარტელიანის ინფორმაციით, შესაბამისი მოკვლევა ჩატარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები შეუძლოდ მას შემდეგ გახდნენ, რაც სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანი მიირთვეს.