რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია უარყოფს ბრალდებას, რომ საკრებულოს აპარატში საკადრო ცვლილებებს „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლის გამო ითხოვდა 
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია უარყოფს ბრალდებას, რომ საკრებულოს აპარატში საკადრო ცვლილებებს „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლის გამო ითხოვდა 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია უარყოფს საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას და აცხადებს, რომ შრომის ინსპექციის დასკვნა არის არაობიექტური და აუცილებლად გაასაჩივრებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც პარტია „საქართველოსთვის“ სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

„ადამიანი, რომლის მიმართაც თითქოს დისკრიმინაციული მოპყრობა დადგინდა, არის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის ძმა არჩილ ძამაშვილი, რომელიც დასაქმებულია საკრებულოს აპარატის უფროსად და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. შრომის ინსპექციამ ამ გადაწყვეტილებით შეასრულა „ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ. ეს არის თვითმმართველობებზე იმ თავდასხმის გაგრძელება, რომელიც საკრებულოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ დააანონსა მმართველმა პარტიამ“, – განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

კითხვაზე, რომ შრომის ინსპექციის დასკვნის მიხედვით, სადაც შეროზია ამბობს, რომ „მისგან „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა საკრებულოს აპარატში საკადრო ცვლილებების განხორციელებას“, ნოდარ შეროზია პასუხობს, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია მათ მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში დაადანაშაულეს.