რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამერიკულ ნავთობკომპანიას ფოლადის მილებს მიაწვდის
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამერიკულ ნავთობკომპანიას ფოლადის მილებს მიაწვდის

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ აშშ-ის უდიდეს ნავთობკომპანია „ექსონ მობაილთან“ (Exxon Mobil) მილების მიწოდებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

როგორც პირველ არხს რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან აცნობეს, კომპანიამ ამერიკაში მილების ექსპორტი შარშან დაიწყო და აშშ-ის მიერ ფოლადის ნაკეთობების იმპორტზე შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, რუსთავი ამ ქვეყანაში ექსპორტს აგრძელებს.

„გაყიდვები ფართოვდება ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც. ახლახან რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, მკაცრი კონკურენციის პირობებში, ხელშეკრულება გააფორმა უკრაინის სახელმწიფო გაზის მომპოვებელ კომპანიასთან. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რამდენიმე წელია მილებს ყიდის ევროკავშირის და ჩვენი რეგიონის ბაზრებზე“, – აღნიშნულია ქარხნის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ქარხანაში განმარტავენ, ფოლადის უნაკერო მილი ტექნოლოგიურად ყველაზე რთული ინდუსტრიული პროდუქტია, რაც კი საქართველოს განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტზე გაუტანია.

წელს დაგეგმილია ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება. მომხმარებლებს გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან, სამხრეთ კორეისა და ინდოეთის ბაზრებიც დაემატება.