რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია სპონტანურად დაგეგმეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ალბერტ მერებაშვილის განცხადებით, „სპონტანურად შეკრების მიზეზი არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა და იგეგმება მისი ფიზიკური ლიკვიდაცია“.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილე ლაშა ხუსკივაძემ განაცხადა, სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოში თავისუფლად გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა.

„ჩვენი ვალია, დავიცვათ, დავიხსნათ პრეზიდენტი, რადგან ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორი. მან ერთხელ შეძლო ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოთრევა და ეს უნდა გააკეთოს კიდევ ერთხელ. ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება, გვერდით უნდა დავუდგეთ, გავათავისუფლოთ და მივცეთ პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლად გაგრძელების საშუალება. ამისთვის საჭიროა, ყველა ქალაქსა და სოფელში გამოვიჩინოთ თვითორგანიზება, შევეხმიანოთ ერთმანეთს და მოვემზადოთ დიდი, მრავალათასიანი მასშტაბური აქციისთვის“, – განაცხადა ლაშა ხუსკივაძემ.