რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც პროკურომა, ლევან ვეფხვაძემ განცხადა, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინება 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„პროკურატურის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და გულისხმობს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი აღნიშნულზე დღეს წარდგინება მას ბრალი. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოთხოვილია არაერთი ვიდეომასალა, ასევე ამოღებულია არაერთი ტელეფონი, მოპოვებულია ანძებზე ინფორმაცია ტელეფონებთან, ნომრებთან დაკავშირებით და დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოსვლაში დაეხმარა ელგუჯა ცომაია, რომელიც ასევე ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში. შემდეგ რა თქმა უნდა, არიან ბრალდებული ის პირები, რომლებმაც რაიმე ფორმით ხელი შეუწყვეს მის გადაადგილებას, იცოდნენ, რომ იყო ძებნილი მიხეილ სააკაშვილი და არ შეატყობინეს სამართალდამცველებს. აღნიშნული დადასტურებულია არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ მოპოვებული წერილობით მტკიცებულებებით და ვიდეომასალებით.

არსებობს ელგუჯა ცომაიას და სხვა მოწმეთა ჩვენებები. მოგეხსენებათ, რომ ელგუჯა ცომაია და სხვა რამდენიმე პირი სარგებლობს ბრალდებულის სტატუსით და განსხვავებით მოწმისგან, ბრალდებულს სხვა უფლებები აქვს. აქედან გამომდინარე, დღეს წარედგინება ბრალი მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების დადგენილება დღეს გამოიტანა და განმარტა, როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.