რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგო გარდაიცვალა
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგო გარდაიცვალა

რუსთავში, ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგო გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია.

„ჯანმრთელი ბავშვი იყო. ცხვირის ოპერაციაზე მივიდა. ოპერაცია არც დაუწყიათ, ბავშვი ისე გარდაიცვალა. ექიმის შეცდომა იყო, დიდი დოზა ნარკოზი გაუკეთეს“, – აცხადებს გარდაცვლილის ბებია ფლორა შენგელია.

როგორც სამკურნალო დარგში საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე განმარტავს, პაციენტს ანესთეზიის გაკეთებისთანავე მძიმე ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტს გული გაუჩერდა.

„სამწუხარო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 19 წლის გოგონა. გეგმურ ოპერაციაზე იყო. ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მიუხედავად დიდი მცდელობისა, მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. ოპერაცია დაწყებული არ იყო“, – აღნიშნა კლინიკის დირექტორის მოადგილემ.

დავით გოგოძე ამბობს, რომ პაციენტს წინასწარ სინჯი გაუკეთდა და ამის შესახებ ოჯახიც ინფორმირებულია. სინჯზე მას რეაქცია არ ჰქონია.

„რა თქმა უნდა, წინასწარ სინჯი გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა, თავადაც ნახეს, რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს. არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ეს გარანტია რომ იყოს, აღნიშნული დაავადება საერთოდ არ იარსებებდა. დაწყებაში ან მიმდინარეობაში ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა. უშუალოდ „ნოვოკაინის“ შეყვანაზე დაეწყო შოკი, პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ყოველივე. გარდაცვალება დაახლოებით 12 საათზე დაფიქსირდა“, – განაცხადა დავით გოგოძემ.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილი გოგონა სენაკის რაიონის სოფელ მენჯიდანაა. ის უნივერსიტეტში სწავლობდა და დროებით ბებიასთან ცხოვრობდა. მშობლები რუსეთში არიან და დღეს ბრუნდებიან.

გარდაცვლილი ამ დრომდე პროზექტურაშია. მას მშობლიურ სოფელში დღის ბოლომდე გადაასვენებენ.

დატოვე კომენტარი