„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულთა სასამართლო პროცესი 16 მარტისთვის გადაიდო
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულთა სასამართლო პროცესი 16 მარტისთვის გადაიდო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში,„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი 16 მარტისთვის გადაიდო. მოსამართლემ მოპასუხე მხარისგან დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა.

როგორც გათავისუფლებული თანამშრომლების ადვოკატი აცხადებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესზე იმ 57 მუშის საქმე განიხილება, რომელთაც ხელშეკრულებები, მისივე შეფასებით, უკანონოდ შეუწყდათ.

გასული წლის 26 იანვარს, აზოტის ქარხნის ახალმა მენეჯმენტმა 350-მდე თანამშრომელი სამსახურიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა. საწარმოში მისულ თანამშრომლებს საშვები დაბლოკილი დახვდათ. რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ, მათი ნაწილი კომპანიის მიერ შეთავაზებულ 400 ლარიან კომპენსაციას დათანხმდა. საკითხზე სასამართლო პროცესი თითქმის, ერთი წელია მიმდინარეობს, 57 გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. აქამდე გამართული ყველა სხდომა მოსამზადებელი იყო. წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე საქმე არსებითად უნდა განეხილათ, თუმცა, კვლავ მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა.