„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა 56-მა თანამშრომელმა დახმარებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა 56-მა თანამშრომელმა დახმარებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა 56-მა თანამშრომელმა დახმარებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა, რადგან ს.ს აზოტი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანამშრომლების სარჩელთან დაკავშირებით, არ ასრულებს, – ამის შესახებ  ს.ს აზოტიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესების დამცველმა, თამარ სურმავამ განაცხადა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, „რუსთავი აზოტს“ 2017 წლის იანვარში გათავისუფლებული 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და მათთვის იძულებით განაცდური შრომითი ანაზღაურების სრული ოდენობით დაუყოვნებლივ გადახდა დაეკისრა.

როგორც მოსარჩელეების ინტერესების დამცველი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ს.ს აზოტი დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს. ამიტომ ამჯერად საქმეში აღსრულების ბიურო ჩაერთო.

გაერთიანებული პროფკავშირების იურისტის, თამარ სურმავას განმარტებით, ყოფილი თანამშრომლებისთვის დავალიანებამ უკვე მილიონნახევარ ლარს მიაღწია.

2017 წლის იანვარში ს.ს აზოტიდან 350 თანამშრომელი გაათავისუფლეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. საბოლოოდ, სასამართლოში სარჩელი 56-მა თანამშრომელმა შეიტანა. საქმემ სამი წლის მანძილზე სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიარა. უზენაესმა სასამართლომ კი სარჩელი დააკმაყოფილა.

ს.ს. აზოტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.