რუსთავიდან დიდუბისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ
რუსთავიდან დიდუბისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავი-თბილისის, დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ.

მძღოლების განმარტებით, მათ ყოველდღე 70 ლარი უნდა გადაუხადონ კომპანიას, რასაც ვერ ახერხებენ. ისინი გეგმის 20 ლარით შემცირებას ითხოვენ. გაფიცულთა განმარტებით, მგზავრთა ნაკადმა ზაფხულის დადგომასთან ერთად იკლო. მძღოლები ასევე ითხოვენ დღეს ხაზზე დამატებული 22-ე მანქანის მოხსნასაც.

მძღოლების მტკიცებით, ტრანსპორტის უმრავლესობაში კონდიციონერი გაუმართავია, რის შეკეთებასაც საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ. კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში კი, მათი ხარჯი იზრდება.

კომპანია „ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ გაფიცულებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.