რუსთავი-თბილისის ავტობანის მიმდებარე დასახლებიდან მაშველებმა ოთხი ადამიანი გამოიყვანეს [ფოტო/ვიდეო]

რუსთავი-თბილისის ავტობანის მიმდებარე დასახლებიდან მაშველებმა ნავებით ოთხი ადამიანი გამოიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

მისივე ცნობით, სტიქიის ზონაში დარჩენილია ორი ადამიანი. ცოლ-ქმრის გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

კერძო დასახლებაში სულ 14 ოჯახი ცხოვრობს. ძლიერი წვიმისა და დასახლების დატბორვის შემდეგ ექვსმა მათგანმა გამოსვლა ვერ მოასწრო.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო დახმარება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა მამაკაცს, რომელმაც ადიდებული არხი თავად გადმოცურა. მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მათთვის მიყენებული ზარალი დიდია, წყალმა წაიღო მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.

მოსახლეობა მომხდარს ავტობანის მშენებლობისა შედეგად, არხის მაღლა აწევას უკავშირებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, ზარალის დათვლა და დაზარალებულთა დახმარება ხვალიდან მოხდება.