სასამართლოში „რუსთავი 2“-თან დაკავებული „ქართული მარშის“ მხარდამჭერების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
სასამართლოში „რუსთავი 2“-თან დაკავებული „ქართული მარშის“ მხარდამჭერების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავებული „ქართული მარშის“ მხარდამჭერების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გუშინდელი ინციდენტის დროს სულ ექვსი პირი დააკავეს, აქედან ერთი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ორი კი კლინიკაში იმყოფება.

პროცესზე წარმოდგენილია „ქართული მარშის“ სამი მხარდამჭერი. მათ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლი აქვთ წარდგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან, „ქართული მარშის“ წევრებამ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადა, თუმცა, გვარამიას თქმით, მისი განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში.