„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა მოითხოვეს
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა მოითხოვეს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ითხოვეს, – ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:

• ​დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;

• ​დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;

• ​ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;

• ​ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვეეტაძესთან დაკავშირებით;

• ​ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები;

• ​ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროსათვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მომჩივანი მხარის მოთხოვნას საქმის დიდი პალატის მიერ გადასინჯვის შესახებ, დადგენილი წესით, განიხილავს ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, დასაშვებად იქნება თუ არა ცნობილი მოცემული მოთხოვნა და გადასინჯავს თუ არა გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლოს დიდი პალატა.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სახელმწიფოსგან რაიმე ტიპის დამატებით არგუმენტაციის ან შესაგებლის წარდგენის საჭიროება არ არის.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებას აცნობებს ევროპული სასამართლოს ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ. სტატისტიკის მიხედვით, ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია მსგავსი თხოვნების მხოლოდ დაახლოებით ხუთ პროცენტს აკმაყოფილებს“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

საქმე ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. შესაბამისად, ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის წილების ძმებ ყარამანიშვილებისა და ნინო ნიჟარაძის ნაცვლად, ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამასთვის“ მიკუთვნების შესახებ.

დატოვე კომენტარი