„რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი „ინტერმედია პლუსის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
„რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი „ინტერმედია პლუსის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში განთავსებული მისი კონტრაქტორი „ინტერმედია პლუსის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

როგორც ჟურნალისტებს გამომძიებელმა ლაშა აბულაძემ განუცხადა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში არის ოთახი, რომელიც იჯარით არის გაცემული შპს „ინტერმედია პლუსზე“.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით. მოხდა გარკვეული დოკუმენტაციის ამოღება და იმავე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა დღევანდელი საგამოძიებო მოქმედებებიც, რომლის ფარგლებშიც ამოვიღეთ შპს „ინტერმედია პლუსის“ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები“, – განაცხადა გამომძიებელმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ამ დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„გამოძიება მიმდინარეობს, რომელის ფარგლებში ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ნებისმიერ პირს დაესმება კითხვა. ეს საქმე ეხება შპს „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობას, „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებებს, ასევე ამავე კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობის ფულადი თანხების შესაძლო მითვისების ფაქტებს და ამავე კომპანიის კუთვნილი ქონების თვალთმაქცური და გარიგების გზით გადამალვის ფაქტებს“, – განაცხადა ლაშა აბულაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.