ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. ისინი აცხადებენ, რომ ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ აზრზე არიან და ტოვებენ „რუსთავი 2“-ს.
როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ნათია გოგსაძემ განაცხადა, „ყველა ჟურნალისტი თავის სათქმელს იტყვის და ნელ-ნელა გადაწყვეტილებასაც მიიღებს“.
„დადგა დღე ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვეღარ ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“ ჩემია. „რუსთავი 2“ ჩვენ წაგვართვეს. ეს ჩვენი სახლი აღარ არის. დღევანდელი დღე იმდენად მძიმეა ჩემთვის, რამდენადაც მძიმე იყო გუგუტიანთკარის მცხოვრებლებისთვის. საოკუპაციო ზოლის მიღმა თავად შლიდნენ თავის სახლებს და ტოვებდნენ საცხოვრებელს. ჯადოსნური 13 წელი გავატარე „რუსთავი 2“-ში, ამაყი ვარ ყველა წლით, ყველა წუთით, ყველა ჩემი მეგობრით და დიდი ოჯახით, რომელიც დღეს აქ ჩემთან არის“, – განაცხადა ნათია გოგსაძემ.
ამასთან, „რუსთავი 2“-დან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს თამარ ბაღაშვილმა, ქეთა ციცქიშვილმა, დავით ქაშიაშვილმა, ნინო სამყურაშვილმა, ნინო გაზდელიანმა, ნათია ტრაპაიძემ და სხვებმა.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება. სალიას განცხადებით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა თანამშრომლები.