„რუსთავი 2“ ავრცელებს პაველ ჰერჩინსკის წერილს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2024 წლის 27 ივნისს,  ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე მიიღო
„რუსთავი 2“ ავრცელებს პაველ ჰერჩინსკის წერილს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე მიიღო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილს, რომლითაც, ტელეკომპანიის ცნობით, დასტურდება, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე, თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე.

წერილი 2025 წლის 5 ნოემბრით თარიღდება და საქართველოს საგარეო უწყებაში, მინისტრის მოადგილის სახელზეა გაგზავნილი.

„საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს შემდგომი მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“, – ნათქვამია ჰერჩინსკის წერილში, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.