რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ისრაელის კვირეულის ფარგლებში, რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამოს ორგანიზატორი „ისრაელის სახლი“ იყო და მას ისრაელიდან 120-კაციანი დელეგაცია დაესწრო. საღამოზე „ისრაელის სახლისა“ და ქნესეთის თაოსნობით ქართველი შინდლერის, იერუსალიმის მემორიალური მუზეუმის მიერ ოფიციალურად „მართალად“ აღიარებული სერგი მეტრეველის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. დღესვე დიდი ალიის 30 წლისთავთან დაკავშირებით ებრაულ და ქართულ ენებზე გამოცემული წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას გაუსვა ხაზი.

„დღეს აღინიშნება ჰოლოკოსტის დღე. ჰოლოკოსტი იყო ტრაგიკული მოვლენა არა მხოლოდ ებრაელებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საუკუნოვანი მეგობრობა, საუკუნეების განმავლობაში ქართველები იყვნენ ებრაელების გვერდით, ებრაელები იყვნენ ქართველების გვერდით. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ საღამოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ისრაელის კვირეულის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს ისრაელის მთავრობის,  წამყვანი პარტიის, ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წევრები. პარლამენტის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის კიდევ ერთი დიდი ხიდი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს შორის“, – განაცხადა იციკ მოშემ.