რუსთაველის თეატრში დედა ენის დღე აღნიშნეს
რუსთაველის თეატრში დედა ენის დღე აღნიშნეს

დედა ენის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე კონკურსში „ჩემი პირველი ქართული როლი“ გამარჯვებული სპექტაკლებიდან ეპიზოდები წარმოადგინეს.

სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არაქართულენოვანი სკოლებისთვის ჩატარებულ კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი თბილისის №96 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილი წილად ხვდა ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლას.

ჟიურის სიმპათია კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა გახდა.

ფინალისტებს ფულადი პრიზები და დიპლომები გადაეცათ. კონკურსი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა, სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.