რუსთაველის თეატრის დასი „ადანას“ 21-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იმყოფება
რუსთაველის თეატრის დასი „ადანას“ 21-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იმყოფება

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი  „ადანას“ 21-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იმყოფება. თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, დასმა პირველ აპრილს საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლი „იულიუს კეისარი“ წარადგინა.

სპექტაკლს თურქეთში საქართველოს საელჩოს დესპანი გელა ჯაფარიძეც დაესწრო.

„იულიუს კეისარი“ რობერტ სტურუამ და ნინო კანტიემ თარგმნეს. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორია რობერტ სტურუა; მხატვარი მირიან შველიძე; კოსტიუმებზე ანა ნინუამ იმუშავა; ქორეოგრაფია მარიამ ალექსიძე; მუსიკალური გაფორმება კი, ია საკანდელიძეს ეკუთვნის.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო არსენიშვილი; ზაზა ბარათაშვილი; ივანე გოგიტიძე; პაატა გულიაშვილი; ბესო ზანგური; ანდრია თავბერიძე; ზურა ინგოროყვა; კახა კუპატაძე; მამუკა ლორია; ქეთი სვანიძე; გაგი სვანიძე; ბექა სონღულაშვილი; დავით უფლისაშვილი; ზურა შარია; გეგა ჩხაიძე; ლევან ხურცია და ლაშა ჯუხარაშვილი.