რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადვოკატ ბექა ბასილაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადვოკატ ბექა ბასილაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ადვოკატ ბექა ბასილაიას, რომელიც გუშინდელი აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს, 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, მოსამართლემ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, ადვოკატის თქმით, დაკავების დროს სამართალდამცველებმა ბასილაიაზე იძალადეს.

„მან თქვა, რომ დიახ, იყო მიტინგზე, თუმცა პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან უთხრა პოლიციას, რომ ისინი ასრულებდნენ გახარიას დავალებებს და მონურად იქცეოდნენ. ბასილაია მხოლოდ მოუწოდებდა პოლიციელებს, რომ ნუ იქნებიან მონები და ნუ ცემდნენ ადამიანებს, ნუ ესვრიან მათ რეზინის ტყვიებს. ამის შემდეგ, ის დააკავეს და აფორთხიალეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სხდომაზე მოვიდა ერთი პოლიციელი, რომელმაც იბლუყუნა და მოიტყუა, რომ მან დააკავა ბექა ბასილაია. არანაირი მტკიცებულებები პოლიციელს არ წარმოუდგენია”,- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.