რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქცია-მსვლელობა დასრულდა
რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქცია-მსვლელობა დასრულდა

თბილისის ცენტრში გამართული აქცია სახელწოდებით – „თავისუფლების მარში“ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების შესრულების შემდეგ დასრულდა.

აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამოსვლებით დაიწყო. პარლამენტთან რიგით მოქალაქეებთან და აქციის ორგანიზატორ ახალგაზრდებთან ერთად ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და პარლამენტის წინ აქციას შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ადამიანები რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს თავისუფლების მოედანი და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ავიდნენ. ადგილზე მისულები ისინი ხმაურიანი შეძახილებით ითხოვდნენ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციები ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში, კვლავ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდება.